
როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ არ აქვს საკუთარ სახლში თავისუფლად მისვლის უფლება, ძნელია მისთვის ამის გაგება და შეგუება. მინდა ვისაუბრო იმ ადამიანთა სახელით, რომლებსაც საერთო ტკივილი, აფხაზეთი გვაერთიანებს. უნდა ვთქვა ჩემი გულის ტკივილი, ფიქრები, რასაც იწვევს დღევანდელი იქ არსებული მდგომარეობა.
ის უფრო გაიგებს ჩემს ფიქრებს, ვინც ოდესმე მაინც ყოფილა აფხაზეთში და უგრძვნია შიში. შიში იმისა, რომ ვიღაც დაიჭერს, უფროსობას დაუწყებს და თავისუფლებას შეუზღუდავს საკუთარ კუთხეში.
არ იქნება სწორი, რომ გითხრათ: "იცი, მე აფაზეთში წავედი", რადგან ამას წასვლას ნამდვილად ვერ დავარქმევ. მართებული იქნება ვთქვა: "ჩემს კუთხეში ჩუმად შევიპარე".
მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სოფელში, ვნახავდი ბებიასა და ბაბუას, შევიგრძნობდი იქაურ ჰაერს. პატარა ვიყავი და იმდენად ვერ ვხვდებოდი რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იქ ჩემი ჩასვლა. სახლში მისულს ყურში ჩამესმოდა დამხვდურების ერთი და იგივე ფრაზა: -"შვილო თქვენს მოსვლამდე ნერვიულობისაგან ლამის მოვკვდით, როგორ მოახერხეთ მოსვლა და რუსებისგან თავის დაღწევა?"...ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა.
გავიზარდე, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა… მინდა წავიდე ჩემს ტკბილი მოგონებებით სავსე ადგილას, მაგრამ "არ მაქვს უფლება"! თუმცა თავს არც იმის უფლებას ვაძლევ, რომ მივატოვო იქ წვალებით ჩაღწევაზე ფიქრი და ხელის ჩაქნევით უარი ვთქვა ჩემს მიწა-წყალზე.
ერთ დღეს, როდესაც სულში აფხაზეთის მონატრება ვიგრძენი, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ „გამერისკა“ და გავპარულიყავი. როდესაც საზღვარს მივუახლოვდი, მესმის ტელეფონის ზარი და მამაჩემის სიტყვები: - “ფეხი არსად გაადგა, თორემ რუსები დგანან და დაგიჭერენ". მაინც არ დავნებდი და მივადექი წყალს, რომელიც ფეხით უნდა გადამერბინა. იქ დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიჩქარეში ფეხი აგებნას ან დაგიცურდეს, თუ ზამთარია-გაგეყინოს. ვგრძნობდი ტკივილს, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა დანებების უფლებას. ამ ერთხელაც გადავურჩი დაჭერას და ჩავაღწიე სახლში შიშგამოვლილმა...
რამდენი რისკი, რამდენი ტანჯვა, ცრემლების ღვრა, ქალების ქვითინი, პატარების ტირილი, მოხუცების ოხვრა უნახავს ჩემს თვალებს. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ, ზუგდიდში უნდა წამოვსულიყავი სწავლის გამო. დადგა ისევ "გაპარვის" დრო. მოვდიოდი და თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯში ვგრძობდი თუ როგორ ნელ-ნელა ვშორდებოდი სახლ-კარს და თანდათან მიპყრობდა შიში, რომ მე იქ ვეღარასდროს დავბრუნდებოდი… მოვდივარ და რას ვხედავ.... დაბეჩავებული, განადგურებული, შავებში ჩაცმული ქალი მუხლქვეშ ჩავარდნოდა რუსს და ევედრებოდა, რომ საღზვარზე გაეშვა, რათა წამლები ეყიდა თავისთვის. ღმერთო! არასოდეს დამავიწყდება ქალის საცოდავი სახე და რუსის უხეში მოქცევა, დაუნდობლობა, მკაცრი უარი და ხელის კვრა. ეს იმდენად დამამცირებელი და ძნელად ასატანი იყო ჩემთვის, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. ძნელია უსამართლობასთან შეგუება. დედას ჩავჭიდე ხელი და მაგრად მოვუჭირე, რომ მომეთმინა და არ მიმეფურთხებინა სულში რუსისთვის. პირველად მაშინ ვიგრძენი ზიზღი და მათ მიმართ, თვალები ცრემლებით ამევსო, მონდოდა მოხუც ქალთან მივსულიყავი და მასთან ერთად მეტირა...
ქართველი ადამიანის სული იმდენად მებრძოლი და ძლიერია, რომ ადვილად არასდროს ნებდება. ადამიანს გაჭირვება ძალას ჰმატებს. ვინ მოთვლის, რამდენი ნერვიულობისა და ჯანმრთელიბის ფასად უჯდება იქ მცხოვრებთ ჯერ ჩასვლა და შემდეგ იქაურ პირობებთან შეგუება.
არ შემიძლია არ მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მდინარე ენგურზე მოხდა. ზაფხულის ერთი დღე იყო, მორიგი სახიფათო დღე ჩემს ცხოვრებაში, უნდა ჩავსულიყავი სოფელში. რადგან ზაფხული იყო, გადავწყვიტე გავპარულიყავი წყლით და გადავსულიყავი მალულად ფონით. სანამ წყალში შევალ ათასი ზარია ჩემს ტელეფონზე, ნათესავები მარიგებენ, მირჩევენ სიფრთხილეს და მეხმარებიან, რითაც შეუძლიათ... ისინი ამ დროს ენგურს მიღმა არიან და მელოდებიან. ძალას მმატებდა ჩემი ძმა, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა: ”ნუ გეშინია, ამ ერთსაც გავუძლებთ ერთად და სულ მალე ისევ შევძლებთ ჩვენს მიწა-წყალზე თვისუფლად სიარულს. შევდივართ წყალში და ათასი აზრი მიტრიალებს თავში, მინდა უცებ გადავლახო ზღვარი, მაგრამ შიში მერევა… ღვთის წყალობით, ამ ერთხელაც დავაღწიეთ თავი და შევძელით ჩასვლა. იქაური ჰაერის სუნმაც კი ყველაფერი დამავიწყა, გულში სითბო ჩამეღვარა. დაგვხვდა მამიდა და ბიძა, რომლებიც. ბუნებრივია, ანერვიულებულები არიან და ჩვენს დანახვაზე ამოისუნთქეს. ჩვეულებრივ, ყოველ ჩვენს მისვლაზე ასე ხდება, თუმცა შევამჩნიე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… და აი, თურმე რა.. მამიდაჩემი ტერიტორიის შესამოწმებლად იყო გამოსული, რომ დარწმუნებულიყო რუსი არსად იყო და უცებ რას ხედავს, წყალში რაღაცა ტივტივებს. ნელ-ნელა უახლოვდება და რწმუნდება, რომ ეს ადამიანის გვამია. გაირკვა, რომ მსხვერპლი მამაკაცი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და უცებ ძაღლების ხმა შემოესმა, ეგონა რომ რუსებმა დაიჭირეს ფაქტზე ნერვიულობას და შიშს გულმა ვეღარ გაუძლო... გარდაიცვალა… ეს ერთ-ერთი ცოდვაა რაც რუსეთს მხრებს აწევს და, სამწუხაროდ, ეს ერათადერათი ფაქტი არ არის, რომელიც დაფიქსირდა.
რამდენიმე კვირის წინ მირეკავენ აფხაზეთში მყოფი ახლობლები და მეუბნებიან, რომ ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. ვიგრძენი საშინელი დანაკლისი, ტკივილი და ინსტიქტურად მივედი ჩანთის ჩასალაგებლად, გონებაში გავიაზრე, რომ უნდა წავსულიყავი. უცებ უკან გავიხედე ცრემლიანი თვალებით და მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავიდოდი. დავკარგე ძალა და შევიძინე კიდევ ერთი მიზეზი მათი სიძულვილისა. ვიგრძენი ორმაგი ტკივილი: ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და უუფლებობა, უსამართლობა. ღმერთო! განა სხვას უნდა ვთხოვოთ და ვევედროთ ძვირფასი ადამიანისთვის ცრემლების დაღვრა? ან როდემდე არ უნდა გვაცალონ ტკივილის ამონთხევაც კი შეზღუდვების გარეშე....?!
რომელ ახალგაზრდას მოუნდება იქ ცხოვრება?! განა ღირს იცხოვრო იქ, სადაც ენის თავისულებას, სიცოცხლის უფლებას გართმევენ. ბავშვობაში, როდესაც ვთამაშობდი ბაშვებთან ერთად, ერთი სული მქონდა, შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მშობლიურ მიწაზე ბავშვურ მოგონებებთან ერთად მეტრიალა, ახლა კი ის სანატრელი შაბათ-კვირა ჩემთვის აღარ არსებობს და არა ჩემი სურვილით, არამედ იძულებით! ცხოვრებასა და უბრალოდ სუნთქვას შორის კი დიდი განსხვავებაა.....
P.S ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ დაღუპული 13 წლის ირაკლი ცაავაას გარდაცვალების დეტალებს, მოზარდის ახლობლები „პრესა.ჯი“-სთან ყვებიან მოზარდის
ახლობლები,
რომლებიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გლოვობენ ოჯახის წევრს. მოზარდის დეიდები, ბებია და ბაბუა ვერ ახერხებენ უკანასკნელ გზაზე გააცილონ ირაკლი, რომელიც, მათი თქმით, რუსი ოკუპანტების სიჯიუტის გამო გარდაიცვალა. გარდაცვლილის ბებია, ნონა ფიფია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ე.წ. საშვის არქონის გამო, რუსმა მესაზღვრეებმა ირაკლი და მისი მშობლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ხიდით არ გადმოატარეს. ნონა ფიფია: - ჩემი უფროსი შვილი წლებია ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ბარღებში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად. პროფესიით მასწავლებელია და ბარღების სკოლაში ასწავლის. ხშირად ჰქონდა გადაადგილების პრობლემა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით, ან ქრთამის მიცემით ახერხებდა ჩამოსვლას. ირაკლის რაც შეეხება, მას დაბადებისთანავე აღენიშნებოდა პრობლემები მუცლის ღრუში,
4 ოპერაცია აქვს გაკეთებული. კონსულტაციაზე წვალებით უწევდათ ზუგდიდში გადმოსვლა. ხშირად დადგენილ თანხასაც იხდიდნენ. - რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა გუშინ? - შვილთან კომუნიკაცია ხშირად მაქვს, წინა დღეს ვესაუბრე, ბავშვები მოვიკითხე, მითხრა – ირაკლი თავს კარგად გრძნობსო. რას ვიფიქრებდი, რომ დღეს ჩემი ბიჭი ცოცხალი არ მეყოლებოდა. როგორც მიყვებიან, ბავშვს დილით ასტკივდა მუცელი, დედას ბავშვი სასწრაფო წესით გალში, კლინიკაში მიუყვანია. იქაურ ექიმებს ხელი არ მოუკიდიათ და უთქვამთ სასწრაფოდ ზუგდიდში გადაეყვანათ. ასეც მოქცეულან ჩემი სიძე და შვილი, თუმცა ენგურის ხიდზე მისულები რუსმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს, მიზეზად ე.წ საშვი დაასახელეს და 500 ლარი მოსთხოვეს. - ბავშვი ენგურის ხიდზე დაიღუპა? - რუსი ოკუპანტების კატეგორიული უარის შემდეგ, შემოვლითი გზით წამოვიდნენ, ბავშვმა ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო და გზაში დაიღუპა. - გასვენებაში ჩასვლას ვერ ახერხებთ? - ჩემს ირაკლის აქ დავტირი, აქ (ზუგდიდის რაიონ სოფელ წალენჯიხაში) ვიღებთ სამძიმარს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ მოწმობა, შესაბამისად, აფხაზების მიერ კონტროლიებად ტერიტორიაზე გადასვლა გაგვიჭირდება. მოზარდის გარდაცვალების ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ეხმაურება. ქეთევან ბაკურაძის განცხადებით, შესაბამისი ე.წ. საშვის არქონის გამო, მისი საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ყველა რესურსი მობილიზებული იყო ბავშვის დასახმარებლად, თუმცა მან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ მოახეხა და გზაში გარდაიცვალა.
ბაია იზორია
No comments:
Post a Comment