Sunday, 28 June 2015

,,ხელოვნება ხალხისათვის და არა ხელოვანთათვის!''

 ,,გამჭვირვალე ბლოგი'' რამდენჯერმე ეცადა ჩვენი თაობის ერთ–ერთ საყვარელ პოეტთან და არტისტთან  გიორგი შალამბერიძესთან შეხვედრას. მოულოდნელი თანხმობის შემდეგ, დიდი ენთუზიაზმით ველოდით ძნელად დასათანხმებელ რესპოდენტთან ინტერვიუს.  ჩვენი შეხვედრა თეატრში შედგა.   არაჩვეულებრივმა მეტყველების მანერამ, თავმდაბლობით გაჯერებულმა თითოეულმა ფრაზამ და უშუალობამ კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განგვაწყო მისადმი.
საინტერესო რესპოდენტმა ინტერვიუც უჩვეულოდ დაიწყო.
„კატეგორიულ უარს ვამბობ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. არ მიყვარს ყველგან გამოჩენა და საკუთარ თავზე საუბარი. თქვენ რადგან უნივერსიტეტის ბლოგს წარმოადგენთ,  ამიტომ დაგთანხმდით. ვაფასებ სტუდენტების აქტიურობას.“
-თქვენი მოკლე ბიოგრაფია...
–„დავიბადე 1980 წლის 3 დეკემბერს, ქუთაისში. მყავს მეუღლე და ორი შვილი –ანასტასია და გაბრიელი. და, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს. მშობლებიდან – დედა, მამა გარდაცვლილია. ვცხოვრობ ამავე ქალაქში. დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი. ვმუშაობ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ  თეატრში. 
-თეატრის გარდა რით  ხართ დაკავებული?
-მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე „არტცენტრი“ (ხელოვნების რესურსცენტრი), რომელიც ფუნქციონირებს თბილისში. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ თუ მოღვაწეობენ რეგიონებში და არ ექცევათ სათანადო ყურადღება. ვახორციელებთ ძალიან საინტერესო სოციალურ პროექტებს.  ამ ბავშვებზე კეთდება დოკუმენტური ფილმები, მათ შორის არიან სპორტსმენები, ასევე ხელოვნების სხვადასხვა  დარგის წარმომადგენლები. ასევე  ვწერ ლექსებს.
-როდის დაიწყეთ აქტიური თეატრალური მოღვაწეობა?
-ჩემი თეატრისადმი სიყვარული იწყება ბავშვობიდან. ქუთაისში დავამთავრე ხელოვნების ლიცეუმი და ვითამაშე რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლში, რომლებმაც წარმართა ჩემი მომავალი თეატრალური ცხოვრება.თუმცა აქტიური თეატრალური ცხოვრება გავაგრძელე თბილისში სტუდენტობის წლებში,სადაც საკურსო და სადიპლომო გამოცდები უნდა ჩაგვებარებინა სპექტაკლების სახით,ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლებიდან გამოვარჩევ ორს: ,,ხედი ხიდიდან’’ და ,,ძველი საფულე’’.
თბილიში სრულვყავი ის ხელობა, რასაც არტისტისა და თეატრის ხელოვნება ჰქვია, დავბრუნდი ქუთაისში და მას შემდეგ ვმოღვაწეობ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატურლ თეატრში.
-როდის დაიწყეთ ლექსების წერა (რა იყო მიზეზი, ზოგადად ან კონკრეტულად ?) ?
-პირველი ლექსი დაიწერა იმ პერიოდში, როცა უკვე ხვდები, რომ არ ხარ უბრალოდ გატაცებული და შეგიძლია ნამდვილი სიყვარული, 15–16 წლის ასკში. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ ამ ლექსს, მაგრამ ამ ყველაფრის  მიზეზი ნამდვილად იყო პირველი სიყვარული (იღიმის).
-სად დაიწყეთ აქტიური პოეტური მოღვაწეობა?
-როგორც ყველაფერი კარგი ,ზოგადად, ჩემი პოეზიაც იწყება ქუთაისიდან. აქ ჩამოყალიბდა XXI- საუკუნის პოეტური ორდენი „სამკაული“, რომელიც აერთიანებდა სამ პოეტს:  გიორგი ზანგურს, დავით–დეფი გოგიბედაშვილს და მე. რადგან XX საუკუნის პოეტური ორდენი “ცისფერყანწელები“ ქუთაისში შეიკრიბა, ჩვენც  გადავწყვიტეთ „სამკაულის“ ნათლობა სიმბოლურად აქ შემდგარიყო. ამის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, თავისი სურვილით , ინება ჩვენთან შეხვედრა და აკურთხა ეს პოეტური ორდენი.
  ჩვენი პოეზია დავყავით სტიქიების მიხედვით  და დავიწყეთ პოეტური აქციების ჩატარება. პირველი იყო - სტიქია წყალი. კატერებით გავედით ზღვაში და ჩვენი პოეზია მივეცით წყალს.მეორე იყო - სტიქია ცეცხლი. ჩვენს მკითხველთან ერთად წავედით დიდგორის ველზე და დიდ კოცონთან ცეცხლს მივეცით ჩვენი პოეზია. მერე იყო - სტიქია მიწა. საპატრიარქოს სურვილით წავედით ახლად დასრულებულ სამების ტაძრის ეზოში და მგალობელ ვაჟთა გუნდთან ერთად დავრგეთ ბროწეულის ხე, რომელსაც ფესვებში ჩავატანეთ ჩვენი პოეზია. შემდეგი უნდა ყოფილიყო -  სტიქია ჰაეარი. მაშინდელმა „იმედის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი აერობუსებით ავსულიყავით ცაში და იქიდან პირდაპირ ეთერში გადმოგვეცა ჩვენი პოეზია. სამწუხაროდ, ეს იდეა ვერ განხორციელდა „იმედის“ დარბევის გამო.  ასეთი სიმბოლური  დატვირთვებით ვავრცობდით ჩვენს შემოქმედებას.   ყოველ პარასკევს ვიკრიბებოდით პეკინზე „წიგნის სახლში“, სადაც ვაწყობდით პოეზიის საღამოებს, ასევე , განვიხილავდით მწერლობასა და მსოფლიო ლიტერატურას. ასეთი ფორმითაც ვურთიერთობდით ჩვენს მკითხველთან. ამავე პერიოდში გამოვიდა ჩვენი პირველი კრებული –„ სამკაული“ და CD ვერსია სახელწოდებით „ამიშვი ცამდე“. ამ ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
-ახლა თუ გაქვთ შემოთავაზება ?
-ახალ კრებულზე არის შემოთავაზება ისეთი ცნობილი გამომცემლობებისგან, როგორიცაა „შემეცნება“ და „არტანუჯი“, მაგრამ  მე თვითონ ვიკავებ თავს.
-რატომ?  ჯერ შემოქმედებით  პროცესში ხართ?
-ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე კალმით ხელში ვუზივარ საწერ მაგიდას. მეტნაკლებად ვწერ , განწყობის მიხედვით. მიმაჩნია, რომ ახალ კრებულზე ფიქრი ადრეა,რადგან ჯერ კიდევ შევსების პროცესში ვარ.
-რამდენი ლექსის ავტორი ხართ?
-ზუსტად არ ვიცი.ძალიან ბევრის არა,თუმცა ერთ კრებულს ეყოფა.
-თქვენი საყვარელი მწერალი,  პოეტი?
-მწერალი და პოეტი- გურამ დოჩანაშვილი, ედგარ პო, ჰერმან ჰესე, როგორ შეიძლება გალაკტიონი არ გიყვარდეს, პაოლო იაშვილი, ტერენტი, ვაჟა და ბევრი სხვა. კონკრეტულად ერთი გამორჩეული არ მყავს.ზოგადად, ქართული პოეზია იმდენად მდიდარია,იმდენი სიყვარული მაქვს ყველა პოეტის,რომ შეგენანება ვინმე გამოყო და გამოტოვო.ყველასგან შეგიძლია რაღაც მარცვალი აიღო. თუმცა პოეზიის კითხვა ტერენტი გრანელით დავიწყე და რაღაც იმპულსი არის ჩემს პოეზიაში მისი. ამდენად,მთელი ქართული პოეზია მიყვარს.
-არის თუ არა მიძღვნითი ხასიათის თქვენი ლექსები?
-იცით რა? ძალიან იშვიათად რომ კონკრეტულად ვინმეს ეძღვნებოდეს.პოეზია ჩემთვის არის შემოქმედების დარგი,რომელიც ეკუთვნის ყველას.ლექსი კი ზოგადად შენი სულის ამოძახილია,  რომლისაც ყველას უნდა ესმოდეს.რა თქმა უნდა, მაქვს ლექსები რომლებიც ეძღვნება კონკრეტულად რომელიმე ადამიანს, თუმცა ფართო საზოგადოებისთვისაცაა ცნობილი.ზოგი მათგანი დაბეჭდილია,ზოგი ახლაც იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში.მე ზოგადად ვცდილობ და მცედელობის გარეშეც გამომდის, როცა რაღაც მაქვს სათქმელი, სატკივარი, სიხარული თუ სიყვარული, ნებისმიერი გრძნობა რაც მინდა გავუზიარო თანამოქალაქეებს მეგობრებს უცნობებს, არა აქვს მნიშვნელოობა,არ ვცდილობ ვიყო კონკრეტული მისამართის მქონე.როგორ შეიძლება ფერწერა ან მუსკა ეკუთვნოდეს კონკრეტულად ვინმეს,როგორ შეიძლება მოცარტი ეკუთვნოდეს ერთ ობიექტს,უხეში შედარებაა ჩემი და მოცარტის მაგრამ მაგალითად ვამბობ,ხელოვნება უნდა ეკუთვნოდეს ყველას,შემოქმედი არ უნდა იყოს მიკერძოებული.
-ხშირად მონაწილეობთ თუ არა პოეზიის საღამოებში?
-პოეზიის საღამოებზე ხშირად მიხდება უარის თქმა,რადგან ძირითადად თბილისის უნივერსიტეტები და სკოლები ითხოვენ. დატვირთული რეჟიმის გამო, ხშირად მიხდება უარის თქმა, რაც უხერხულობაში მაგდებს.
-თქვენი აზრით როგორია თეატრისა და პოეზიის ურთიერთკავშირი?
თეატრი და პოეზია ორი განსხვავებული რამაა.პოეზია სულ სხვა სამყაროა, თეატრი კი სულ სხვა,შეიძლება ითქვას, ცა და მიწასავით განსხვავდებიან.თეატრი ჩემი ცხოვრების გზაა,ჩემი პროფესიაა,სადაც შენ გრძნობ  სიამოვნებას, სიკეთესა  და სიყვარულს, სადაც მაქსიმალურად ცდილობ დამაჯერებელი იყო მაყურებლისათვის,იმ პრობლემატური სათქმელით, რომელიც შენ უნდა მიიტანო მათთან. ყველა ეპოქას თავისი პრობლემა აქვს და უნდა ეცადო შენი მიმართვა სცენიდან იყოს ყველასთვის გასაგები,როგორც აკაკის ერთი ფრაზა ,,მართალი სიტყვა სცენიდან თქმული რა სასიამო გასაგონია“.
 პოეზია კი არის ჩემი ცხოვრების წესი, ჩემი სულიერი მდგომარეობა.პოეზია არის შენ თავთან მარტო დარჩენა.როცა შემოქმედების პროცეში ხარ, აუცილებლად მარტო უნდა იყო საკუთარ თავთან, სხვანაირად არ გამოდის.ჩემს ცხოვრებაში თეატრს თავისი ადგილი უჭირავს , პოეზიას თავისი,ისინი ერთმანეთს არ ცვლიან.
-როგორ ფიქრობთ, პოპულარობა პოეზიამ მოგიტანათ თუ თეატრმა?
-ალბათ უფრო პოეზიამ. პოეზიამ, იმიტომ, რომ შუქდებოდა ტელევიზიით,მას სჭირს ეს სენი.ტელევიზიას აქვს ეს ფუნქცია აღებული, რომ ცნობილი გაგხადოს. არ მიყვარს სიტყვა ,,პოპულარობა“. პოეზიამ გააცნო საზოგადოებას ჩემი თავი ტელევიზიის საშუალებით, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. პოეზია დღეს უყვართ საქართველოში და ყოველთვის უყვარდათ.მე მირჩევნია წიგნით გაეცნონ ჩემს შემოქმედებას, ვიდრე ტელევიზიით უსმინონ, სიამოვნებთ თუ არა ეს, არ მიყვარს როდესაც ვიღაცას თვალში ეჩხირები ეკრანებიდან.დისტანციური ურთიერთობა უნდა იყოს მკითხველსა და პოეტს შორის.კურიერის წამყვანივით, ყოველდღე ეთერში არ უნდა იყო.
 ამ მხრივ თეატრს შეზღუდული გარემოება აქვს.თეატრით, მართალია, გადიხარ სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში,  მაგრამ მხოლოდ სტუმრის სტატუსით.თეატრს აქვს ეს თვისება, თუ ხშირად არ სტუმრობ სხვა ქალაქების მაყურებელს,  ის ადვილად გივიწყებს.თეატრი არ არის ტელევიზია, საიდანაც ფართო მასებს ეცნობი.თეატრში მხოლოდ კონკრეტული მაყურებელი გიცნობს.ამ ბოლო დროს თეატრის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა,თეატრი აღარ არის აქტუალური და ის გასაჭირშია. იმედია, ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება და თეატრი არასოდეს დაკარგავს თავის ფუნქციას.თეატრი იმიტომაა გენიალური თავისი შემოქმედებით, რომ ის აერთიანებს ხელოვნების ყველა დარგს:
  მუსიკას,პოეზიას,ლიტერატურას,ქორეოგრაფიას ანუ მთელი შემოქმედებისა  და ფერწერის სინთეზია.მეორე რაც მნიშვნელოვანია, ესაა ცოცხალი ურთიერთობა მაყურებელთან.
-რას თვლით ყველაზე დიდ ბედნიერებად(ჯილდოები,მიღწევები...) ?
-პირდაპირი გაგებით ჯილდოებს არ ვთვლი ბედნიერებად.ბედნიერება ისაა,  როდესაც განვლილი ცხოვრებით ხარ კმაყოფილი.ყველაზე დიდი ბედნიერება,რეგალი,ჯილდო არის შენ  საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა,შენს მკითხველთან, მაყურებელთან.იმ საზოგადოებასთან, რომელიც იკვებება ხელოვნებით.იოტისოდენა მარცვალი თუ ჩათესე მათ სულში, უკვე შეგიძლია ჩათვალო,რომ ხარ ბედნიერი, რადგან არაფერი შეედრება ადამიანებში სიკეთის თესვას.
-როგორი ადამიანი ხართ,  რომანტიკოსი თუ რეალისტი?
-ვარ საშინლად გამოუსწორებელი რომანტიკოსი. მართალია, რეალობასაც არ უნდა მოსწყდე,მაგრამ მაინც მძლევს ხოლმე რომანტიული შეხედულებები.ხანდახან რაღაცეებში ვერ ვერკვევი, აი, დაბნეული ბავშვი ვხდები რაღაც მიწიერ პრობლემებთან(მაინც ვართმევ თავს) რაღაცნაირად ვიბნევი, როდესაც რეალურ ყოფიერებას ვეჯახები.
-როგორი ადამიანები მოგწონთ?
-მომწონს უბრალო ადამიანები,კი არ მომწონს, მიყვარს.მიყვარს ,,გაუპრანჭავი’’ ადამიანები,რომელბიც არ თამაშობენ ურთიერთობებში და რომლებიც არიან მაქსიამლურად გულწრფელნი.არ მიყვარს ქედმაღლობა და ამპარტავნება.
-როგორი დამოკიდებულება გაქვთ იუმორთან?
-იუმორთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს.მიყვარს გემოვნებიანი იუმორი და არ მომწონს იუმორისტული გადაცემები,შოუები,ატანა არ მაქვს.შემიძლია მაგ დროს ტელევიზორი კი არა, შუქიც გავთიშო სახლში, რათა არსაიდან შემოვიდეს ეს ინფორმაცია (იღიმის).
-როგორ მუსიკას უსმენთ?
-ვუსმენ ჯაზს,ოპერას,კალსიკურ მუსიკას.სიგიჟემდე მიყვარს მარია კალასი.მიყვარს რუსული რომანსი და მომწონს გემოვნებიანი ქართული ქალაქური მუსიკაც.
-თქვენი ლექსებიდან ძალიან კარგად ჩანს სოფელთან და ეკლესიასთან სიახლოვე.რითია გამოწვეული ეს ყველაფერი?
-დიახ, ეს ნამდვილად ასეა და ამას მკითხველიც ამჩნევს.ძალიან მიყვარს მთა.სიცოცხლე არ შემიძლია მთის გარეშე.დედა სვანი მყავს და მთელი ბავშვობა სვანეთში მაქვს გატარებული,ძალიან მიყვარს სვანეთი.სეზონი არ გავა ისე, რომ მთაში არ წავიდე.ვიცვლი ხოლმე ლანდშაფტებს.მთა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის,ჩემი ცხოვრების ჟანგბადია,შეიძლება ითქვას.სოფელიც მაქვს ქუთაისთან ახლოს.
ეკლესიის თემა ძალიან წმინდა და ხელშეუხებელია ჩემთვის.ეს აღსარების საიდუმლოსავითაა,ამიტომ თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან.
-რას გვეტყვით ქუთაისზე? გსურთ თუ არა მოღვაწეობის სხვაგან გაგრძელება?
-ქუთაისი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქი.მნიშვნელოვანია ის თემა, რომ ის რჩეული ქალაქივითაა.მთელი ნიჭიერება, მთელი რესურსი საუკუნეების მანძილზე გაედინებოდა აქედან.ამ ქალაქს შეუძლია იყოს არა მეორე, არამედ პირველი,როგორც თბილი.ალბათ ოდესმე ეს პერიოდიც დაუდგება.ძალიან ცუდია, როდესაც ნიჭიერი ადამიანები ტოვებენ ქუთაისს,მათ არ უნდა ჰქონდეთ გაქცევის სურვილი.უნდა ჰქონდეთ პერსპექტივა და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.
მე ამ ქალაქში ვმოღვაწეობ .საერთოდ, დღეს არაა რთული იმოღვაწეო ორ ქალაქში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.ამჯერადაც ხან ქუთაისში ვარ და ხან თბილისში.შეძლებისდაგვარად ვასწრებ ჩემი მოვალეობის პირნათალდ შესრულებას.რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ მშობლიური ქალაქის მიტოვება არ მოგიწევს.ამით შენ მაქსიამლურად დაუბრუნებ იმ სიკეთეს, რაც მან მოგცა.სიკეთე უნდა დააბრუნო შენი მოღვაწეობით,სიყვარულით და ვალმოხდილმა იარო.არ უნდა გაექცე ამ ქალაქს.არ აქვს მნიშვნელობა, სად იცხოვრებ, მთავარია, შენი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმე აკეთო.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან, არ ვიცი, რა იქნება მომავლაში, საერთოდ, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება.
 გიორგი შალამბერიძემ ჩვენთან პირად საუბარში ახალი კრებული დააანონსა და მას მალე გაეცნობა ერთგული მკითხველი.


მსახიობის ანდერძი

სცენას და პარტერს
ერთი ჰყოფს ფარად,
დღეს ყველა თამაშობს
არტისტის გარდა

მრავალი ნიღაბი
მრავალი მიმიკა,
გულში კი ერთია
სევდა დალირიკა.

გიტოვებ ჰაერს
ჩემს ფერთა გამას,
შენ მორჩი ტირილს,
მე მოვრჩი თამაშს.

* * *

ლურჯი სამარხი

დამხრჩვალი მზეა, ზღვა ისე ღელავს,
ხეებს ტოტები შეახსნა ქარმა,
მე მხოლოდ შენი ხმა გადამთელავს,
შენი ტუჩ-ბაგე, ძოწი და ქარვა.

ივსება თასი, ღვინით თუ სისხლით,
ვერ გაარჩიოს გულმა და თვალმა,
ზაფხულის ხვატით,ოფლით და სიცხით,
კოცნა ბარძიმად მივიღო მთვრალმა.

იმსხვრევა ღამე, სარკმელში ღვივის,
ნაამბორალი სიჩუმე ნისლით,
რმერთო ლოდინი როს გადაივლის,
მომეცი ძალა იქამდე მისვლის.

მე მხოლოდ შენი ვიწამე დარდი,
შენი თვალების ნათება ჩემში,
ღმერთმა შემინდოს,თუკი მიყვარდი
და ახლა სხვისი ბავშვი გყავს ხელში.

დამინდოს ღამემ  და ნუ გამრიყავს,
სადაც უშენოდ, არყოფნის დღეა,
დამშვიდდი სულო,ნეტავ სად მიგყავს,
ფიქრი ,რომელიც სიჩუმის ტყვეა.
ალბათ მიგონებ როცა იწვიმებს,
ყვავებს ქოლგებად გვიგზავნის ქარი,
სისხლი არ ცხრება , სისხლი იყივლებს
კვლავ  ჩვენი შერწყმის იჟრებს ქნარი.

ჩვენ არ მოვსულვართ სხვისთვის ან ჩვენთვის
და ჩვენი გზებიც კარგად გაიყო,
ჩვენი შეხვედრა წყალობა ღმერთის,
სხვა უფრო მეტი ,აბა რა იყო?

სხვა უფრო მეტი ამ სევდის გარდა,
ამ გულს არა აქვს რამ შესანახი
და როგორც მეცხრე ზეციდან ვარდნა
და მარტოობის ლურჯი სამარხი.

დამხრჩვალი მზეა, ზღვა ისე ღელავს,
ხეებს ტოტები შეახსნა ქარმა,
მე მხოლოდ შენი ხმა გადამთელავს,
შენი ტუჩ-ბაგე, ძოწი და ქარვა.



P.S ,,სადღაც შორს კრთის მარადისობის ცისფერი შუქი !’’

ლიკა დევდარიანი






No comments:

Post a Comment