Sunday, 28 June 2015

მანდარინის ფესვების საიდუმლო

  ეს ამბავი  ეხება ერთ-ერთ  ქალბატონს, რომელმაც სხვა არაერთქართველი ქალის მსგავსად, ომის საშინელება საკუთარ თავზე იწვია. დაწვრილებით გთავაზობთ ამ ქალბატონის მონათხრობს, რომელიც ჩემი მკვიდრი ბებია ( ნაზი შამათავა). ამჟამად გალის რაიონში ცხოვრობს. ინერვიუ ჩაწერილია ინტერაქტიურად, ტელეფონის მეშვეობით და სტილი თითქმის უცვლელია.

       ეს, ცოტა არ იყოს, მძიმე ისტორია. მინდა ყველაფერი თავიდან მოვყვე. როგორც მოგეხსენებათ, 1992 წელს აფხაზეთში  მძიმე  სიტუაცია იყო. ამავე წლის 13 ივლისს არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთი  დამოუკიდებლად გამოაცხადა და ამან ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, 14 აგვისტოს კი  პირველი ტყვია გავარდა  სოფელ ოხურეისთან. ეს ჩვენთან ძალიან ახლოსაა.
       ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ სიკვდილის მოსვლას. ეს ხმა ჰგავდა ბავშვების წივილსაც, ქალების კივილს და კაცების ხრიალს. გონს მოსვლაც ვერ მოვასწარით, რომ უკვე მთელი სოფლის დამფრთხალი ხალხი შეკრებილიყო. დავწანწალებდით, გავრბოდით ტყეებში, სხვა თავშესაფარი ჩვენთვის მაინც არ იყო. თვალებს რომ დავხუჭავ, ყურებში ახლაც მიწივის მეგრელი ქალების ზარი, მიცვალებულთა გროვაში საკუთარი  შვილების ცხედრებზე რომ მოსთქვამდნენ მეგრულად.
     რა ტანჯვა გადაიტანა ხალხმა, ამის აღწერა, ამ ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია. კარგად მახსოვს ის დღე, გაგრა რომ დაეცა. მას სოხუმიც მიჰყვა. გრძელდებოდა რბევა, ნგრევა, უამრავი მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა, დევნილად იქცა ათასობით ქართველი. მამაკაცებმა თავიანთი  ოჯახები გადაიყვანეს ენგურს იქით, სამეგრელოში, თვითონ კი დაბრუნდნენ სოფლებში და დაიწყეს პარტიზანული ჯგუფების შექმნა. ისინი დარაჯობდნენ სოფლებს და სახლებს, რომლებშიც სიჩუმე და სიბნელე დაესადგურებინა. ცხოვრობდნენ იმედით, რომ აქ ისევ დაბრუნდებოდნენ  ქალები და ბავშვები.  ჩემი ძმაც, ოთარი, ერთ-ერთ ამ პარტიზანულ ჯგუფში იყო. კარგი მებრძოლ, მეომარი სული ჰქონდა, ერთგული იყო თავისი ხალხის და სამობლოსი. მისი დაჭერა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ როცა მეგობარი, შენთვის ახლობელი ადამიანი, გიღალატებს...
      ის ღალატის მსხვერპლი გახდა. არ მინდა დავასახელო იმ ადამიანის  სახელი, იმედია, გამიგებთ, ვფიქრობ, ეს არაა საჭირო. მოკლედ, გასცეს ჩემი ძმის და მისი პარტიზანი მეგობრების ადგილსამყოფელი. ზოგმა გაქცევა მოასწრო, ზოგიც მოკლეს. ჩემი ძმა კი   თავის ეზოში  დაიჭირეს და ტყვედ აიყვანეს. რაც ეს გავიგე,  იმის მერე,  მე და ჩემი მეუღლე დავდიოდით სოფელ-სოფელ და ვეძებდით. დავდიოდით ტყე-ტყე, ტალახში, წვიმასა და სიცივეში, თან გვეშინოდა, აფხაზებს არ  დავენახეთ. ერთი წლის განმავლობაში, მგონი, სოფელი არ დაგვიტოვებია, რომ  არ ვყოფილვიყავით  და არ გვეძებნა ჩემი ძმა.  უამრავი მიცვალებული ვნახე. რომ დავხედავდი მათ ტანჯულ სახეებს და ჩემი მა არ აღმოჩნდებოდა, ვაიარებ, მიხაროდა. მქონდა იმედი, რომ  ის ისევ ცოცხალი იყო და ვიპოვიდი, ამიტომ განვაგრძობდი ძებნას, თუმცა უშედეგოდ, მასზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვპოულობდი. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, თითქოდა არც არსებობდა, მიწამ ჩაყლაპაო. იმედი დავკარგე და შევწყვიტე ძებნა. ერთ დღეს ავტობუსში ვიჯექი, გალი მივდიოდი, ჩემთან მოვიდა უცხო კაცი და მეკითხება: - ,,თქვენ ოთარის და ბრძანდებით?“
     მოულოდნელობისგან დავიბენი, მეგონა ჩემი ძმის სახელი მომესმა, მერე ავყევი ემოციებს და უამრავი კითხვა დავუსვი.
     - ,,დიახ, მე ვარ ოთარის და, თქვენ იცნობთ ოთარს? იცით ახლა ის სად არის? ცოცხალია თუ მკვდარი".
     ,,თქვენ ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ, მე მას არ ვიცნობდი პირადად. ის აფხაზებს ჰყავდათ ტყვედ, დაბმული, ძაღლივით ცემდნენ, აშიმშილებდნენ, წყალსაც არ ასმევდნენ. ერთი აფხაზი მოკვდა  და საფლავი ოთარს გაათხრევინეს. შემდეგ კამათი მოუვიდათ და ეს ყველაზე კარგი დრო იყო გასაქცევად და შანსი არ გაუვა. გაიქცა, მაგრამ ღობეზე გადახტომისას ესროლეს და მკვდარი მიაგდეს. არ დამარხეს და არც სხვას აძლევდნენ მისი დამარხვის საშუალებას. მთელი სამი დღე, სანამ არ წავიდნენ აფხაზები,  ვდარაჯობდი ცხედარს, რომ ღორს ან რაიმე ცხოველს არ დაეგლიჯა, შემდეგ კი პარკში გავახვიე და მანდარინის ხის ქვეშ დავასაფლავე.
     "მითითებულ ადგილას, სოფელ პატრახუწაში, მე და ჩემი მეუღლე მივედით და დავიწყეთ მიწის თხრა. ცხედრის ამოთხრის შემდეგ ვიცანი ჩემი ძმა. ცხედარი გახრწნილი იყო, მხოლოდ ფეხი იყო დარჩენილი, არ ვიცი როგორ, მაგრამ შეიძლება ,,რეზინის  ჩექმამ" შეინახა. ფეხზე ეწერა სახელი. ომის დროს  ჯარისკაცებს ვინაობას და დაბადების წელს ფეხზე აწერდნენ. ჩვენ გადმოვასვენეთ ის, ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც შვილივით გავზარდე. ვერ ვპოულობდი ძმას, გულისიღრმეში იმედი არასდროს დამიკარგავს, რომ ის ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ იმედიც გაქრა და ჩემი ძმაც.

                                      ელიტა ჯინჯოლია

No comments:

Post a Comment