Friday, 27 March 2015

მუზეუმი ღია ცის ქვეშ

‘’დაბლა მახვში ზის,მაღლა არწივი კრავს კამარას და ისევ ისე მოჰქუხს ნადავლიანი ენგური....’’
                                 ა.გელოვანი

  ‘’თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვარს,სვანეთში უნდა წახვიდეთ!’’ვინც ილია ჭავჭავაძის ამ რჩევას გაითვალისწინებს,მას მიეცემა საშულება იმოგზაუროს წარსულის ცოცხალ მუზეუმში,სადაც ქვაშია ჩაკირული უძველესი ქართული ტომის ისტორია.
  ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის განვითარებამ სვანეთს მსოფლიო არენაზე გასვლის საშუალება მისცა,ეს კუთხე ძალიან ბევრ ტურისტს მასპინძლობს,რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.სამწუხაროდ ბევრ ქართველს კი არ უნახავს ისტორიისა და კულტურის ეს საგანძური, რომელიც უმშვენიერეს სინთეზს ქმნის თვალწარმტაც ბუნებასთან ერთად.
  სვანეთი გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულად რთულად მისადგომია,მაგრამ საკმარისია მის რომელიმე ნაწილში იმოგზაუროთ,რომ წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაიტვირთოთ.სვანეთის სავიზიტო ბარათია უშგული(ბალს ზემო სვანეთი) იგივე ‘’თავისუფალი,უბატონო სვანეთი’’,რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ენგურის სათავესთან მდებარეობს.უსაზღვრო იალაღებითა და ბუმბერაზი მთებით შემორკალულ სივრცეში,სადაც თავისუფლების საამო სურნელი ტრიალებს,სადაც ‘’მყინვართა სუნთქვა იგრძნობა და გგონია ცას ხელით შეეხები’’.
   უშგულში ჩასული ყველა სტუმრის გაოცებას იწვევს ხალხური ხურორთმოძღვრების ძეგლები_კოშკები.რომელთა სიმტკიცეც ჟამთა დაუნდობელმა სვლამ და მტრის ურდოების შემოსევებმა გამოსცადა.დღემდე უცნობია კოშკების შედუღაბების ხელოვნება,მის შესწავლაზე მუშაობენ,როგორც ქართველი,ასევე უცხოელი მეცნიერებიც.
  უძველესი ხალხური გადმოცემით უშგული თამარ მეფის საუფლო მხარე ყოფილა,ის სხვებზე მეტად სვანებს ემხრობოდა.არსებობს თქმულება რომლის მიხედვითაც თამარი ზაფხულს სვანეთში ატარებდა და სწორედ აქ უძღვნა რუსთაველმა ‘’ვეფხისტყაოსანი“.თამარი იქ კოშკებსა და ეკლესიებს აგებდა.თქმულებებსა და ლეგენდებს არ გავუწევდით ანგარიშს ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა რომ არ არსებობდეს.უშგულში თამარ მეფის საზამთრო კოშკი(რეზიდენცია) საბჭოთა კავშირის ‘’მშრომელებს’’ დაუნგრევიათ და მის ადგილას ფერმა აუგიათ.ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.საზაფხულო კოსშკი კი ახლაც ამაყად გადმჰოყურებს მთელს უშგულს სოფელ ჩაჟაშიდან.ხალხის რწმენით თამარი სვანეთშია დაკრძალული,რაც უახლოეს წარსულში არქეოლოგიური გათხრის საბაბი გახდა ‘’მაცხვარის’’(მაცხოვრის) ტაძარში.
  უშგულის კოშკებისა და ეკლესიების უმრავლესობა,შესაბამისად, XII საუკუნით თარიღდება,თუმცა გვხვდება უფრო ადრეული საუკუნეების ძეგლები.ნიჟარაძეების საგვარეულო კოშკში ინახება ბევრი ძვირფასი ნივთი,რომლებიც განიავებასა და მოპარვას გადაურჩა.მათ შორის უცხოური ხელოვნების ნიმუშები,როგორიცაა გერმანული ვერცხლის ფიალა და სირიული თასი.ბაგრატიონთა საგანძურიდან შემორჩენილია:ლაშა გიორგის ოქროში ამოვლებული ვერცხლის ქამარი,მოოქროვილი სახარება და თამარის ოქროს ქოში.მე-20 საუკუნის ბოლოს დადებული მონაცემებით აღრიცხულია სულ 1160 დასახელების 3011 ნივთი,მათ შორის 127 ხატი და ჯვარი.უშგულში სვანეთის შვიდი უძლიერესი ეკლესიაა,სადაც წყდებოდა სისხლ-მესისხლეობის ყველა საქმე ხატზე დაფიცებით.ამ ეკლესიების სახელწოდებებიდან მეცნიერების ყურადღებას იქცევს აზიური სახელი ‘’ფუსდ’’ .აქ ტარდება წარმათული მაზდეანური რიტუალი,რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლობის გადმონაშთია.ამ და სხვა ეტიმოლოგიური მნიშვნელობების საფუძველზე ეთნოგრაფია საუბრობს სვანთა და შუმერთა ნათესაობაზე.ტურისტების საყვარელ ადგილია ‘’ლამარიას’’ ღვთისმშობლის ტაძარი,რომელიც X საუკუნით თარიღდება და რომლის კედლებზეც დღემდეა შემორჩენილი უძველესი ფრესკები(მათ შორის,საიდუმლო სეორობა)
  სოფელი ჩაჟაში 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მიმდინარეობს ზემოთ ხსენებული კულტურული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია.უშგულს როგორც ალპინისტურ-ტურისტულ-რეკრაციულ ადგილს ადგილს მსოფლიო მასშტაბით იცნობენ და მას საქართველოს ‘’ოლიმპოს’’უწოდებენ.
  იმედია საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან საკუთარი წარსულის ღრმა ფესვებით და მომავალ სეზონს უშგულში გაატარებენ,სადაც უმასპინძლებენ სტუმართმოყვარე სვანები,რომლებსაც ასე ენატრებათ ქართველი სტუმრები.
                                                                                                 ლ.დევდარიანი

No comments:

Post a Comment